კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების” საჩივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის, “მთავარი არხის”, “ტელეკომპანია პირველისა” და “ფორმულას” წინააღმდეგ და ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
თუმცა, ამავე დროს, სასამართლოს მაუწყებლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.
კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, საქმის პრეცედენტულობიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მაუწყებლები არ უნდა დაჯარიმდნენ.
„ოცნების” საჩივრის თანახმად, არ შეიძლება ერთმა საარჩევნო სუბიექტმა მისთვის დათმობილი საეთერო დროის ფარგლებში სხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ განათავსოს რეკლამა.
„ევროპულმა საქართველომ“ და „კი ევროპას“ [„ენმ”-ის ღონისძიებების სერია] საჯაროდ განაცხადეს, რომ 2024 წლის არჩევნებში „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიანდებიან.
ამასთან, პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეები“ გაერთიანებულია პარტიასთან – „ლელო“.
საჩივრის მიხედვით, „ევროპული საქართველო“, „კი ევროპას“ და „მოქალაქეები“ ათავსებენ უფასო პოლიტიკურ რეკლამას „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, „მთავარ არხზე“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულაზე“. გარდა ამისა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ დამოუკიდებლად ათავსებენ პოლიტიკურ რეკლამას აღნიშნულ მაუწყებლებზე.
კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნების” საჩივარში ასევე საუბარია უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებაზე ბლოკში შემავალი პარტიებისთვის და აღნიშნულია, რომ „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველზე“ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობასა“ და „ახალ ერთობა გვარამია მელიას“ ეთმობა იმაზე მეტი უფასო სარეკლამო, დრო ვიდრე ეს „საარჩევნო კოდექსით“ არის განსაზღვრული.
კომუნიკაციების კომისიამ დღეს, 12 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო რგოლის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება.
`საჩივარში აღნიშნული საარჩევნო სუბიექტები „ევროპული საქართველო“, „კი ევროპას“ და „მოქალაქეებს“ საჯაროდ აქვთ განცხადებული, რომ ისინი დამოუკიდებლად არ მონაწილეობენ არჩევნებში და მათი ლიდერები სხვა საარჩევნო სუბიექტებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.
`გარდა ამისა, აღნიშნული პარტიები არ აწარმოებენ საკუთარი არჩევის ხელშემწყობ წინასაარჩევნო კამპანიას. მათი წარმოდგენილი ვიდეორგოლი არის ერთი კონკრეტული სუბიექტის წინააღმდეგ მიმართული. რომელიმე საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ მიმართული ვიდეორგოლის განთავსება შედის იმ სუბიექტის სააგიტაციო მიზნებში, რომლებიც აწარმოებენ საკუთარ კამპანიას. იმ პირობებში, როდესაც სუბიექტი არ აწარმოებს საკუთარი არჩევის ხელშემწყობ კამპანიას, მის მიერ განთავსებული სხვისი ხელშემშლელი რეკლამა, არა მის, არამედ სხვა საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მიზნებს ემსახურება, რითიც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა”. – განაცხადა კომუნიკაციების კომისიამ.
რაც შეეხება უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებას, კომკომის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე განთავსებულია „ახალი ერთობის“ სარეკლამო რგოლი 24 წამის ქრონომეტრაჟით.
კომისია წერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, ის ვალდებულია თავის ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.
„ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს დრო გაყოფილი აქვს 7 ნაწილად და იმის მეხუთედს უნაწილებს ბლოკში შემავალ პარტიას, რაც არ წარმოადგენს დარღვევას.
„ფორმულას“, „ტვ პირველსა“ და „მთავარ არხზე“ განთავსებული იყო „ახალი ერთობა გვარამია მელიას“ 14.8 წამიანი სარეკლამო რგოლი. ასევე, „ტელეკომპანია პირველსა“ და „მთავარ არხზე“ განთავსებული იყო 19 წამიანი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რგოლი და „მთავარ არხზე“ განთავსებული იყო 30 წამიანი „ახალი ერთობის“ სარეკლამო რგოლი. ვინაიდან აღნიშნულ სუბიექტებს უფასო საეთერო დრო საერთო ეროვნულ მაუწყებლებში ეკუთვნის 12.8 წმ, ამ რგოლების განთავსებით მაუწყებლებმა დაარღვიეს კანონის მოთხოვნა”. – აცხადებს კომკომი.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მაუწყებლები უფასო საეთერო დროს ანაწილებდნენ შემდეგი პრაქტიკით, ისინი ყოფდნენ სავალდებულო უფასო საეთერო დროს იმ რაოდენობის სუბიექტებზე, რამდენსაც ეკუთვნის უფასო პოლიტიკური რეკლამა (ამ შემთხვევაში ეს არის 7 სუბიექტი) და წარმოდგენილი პოლიტიკური რეკლამის მიხედვით თანაბრად ანაწილებდნენ მათზე.
შესაბამისად, როგორც კომკომი ამბობს, თუ მაუწყებელს რეკლამას წარუდგენდა მხოლოდ 3 სუბიექტი, მას რჩებოდა თავისუფალი დრო, რომელსაც თანაბრად ანაწილებდა იმ სუბიექტებზე ვინც რეკლამა წარუდგინეს (კანონით გათვალისწინებული 90-წამიანი ზედა ზღვრის გათვალისწინებით). აღნიშნული პრაქტიკა არსებობდა წინა არჩევნების მიმდინარეობისასაც.
„ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას აქამდე არ უმსჯელია, რადგან აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში არ დამდგარა. პრეცედენტულობიდან გამომდინარე კომუნიკაციების კომისიამ საკითხი საფუძვლიანად შეისწავლა და დაადგინა, რომ მაუწყებლები არასწორად ანაწილებდნენ საეთერო დროს. საარჩევნო სუბიექტებს უნდა მიეცეთ ის უფასო სარეკლამო დრო, რაც თავიდანვე კანონის მიხედვით ეკუთვნით, იმის მიუხედავად რამდენი სუბიექტი წარადგენს მაუწყებელში რეკლამას ან რამდენი მოიხსნება რეგისტრაციიდან.
კომუნიკაციების კომისიამ მსჯელობის საფუძველზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა, მაუწყებლების მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და სასამართლოს ტელევიზიების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს, ვინაიდან აღნიშნული გარემოება მაუწყებლებისთვისაც სიახლეს წარმოადგენს”. – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.