ComCom-მა „იმედს“ და „რ2“-ს „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური გაერთიანებების „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ საჩივრების საფუძველზე, ტელეკომპანია „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა.

„საჩივრების თანახმად, მიუხედავად ტელევიზიებისთვის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის წარდგენისა, ასევე, იმავე საკითხზე ComCom-ის და სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, რომლის ფარგლებშიც ორივე ტელევიზია ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის კანონდამრღვევებად უკვე ცნეს, მაუწყებლები არ ათავსებენ პოლიტიკური გაერთიანებების „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ მიერ მიწოდებულ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას.

საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ცესკოს და კომუნიკაციების კომისიას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან, 5 კალენდარული დღის ვადაში, გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ტარიფები ძალაში შედის 50-ე დღიდან. მაუწყებელი, რომელიც აქვეყნებს ტარიფს, ვალდებულია განათავსოს მისთვის წარდგენილი ფასიანი რეკლამა, ხოლო არ განთავსების შემთხვევაში, ის დაარღვევს კანონს.

ამასთან, კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული გზამკვლევის თანახმად, მაუწყებელმა უნდა დაიცვას დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა და თანასწორად უზრუნველყოს ყველა მსურველი საარჩევნო სუბიექტის მიერ სათანადოდ წარდგენილი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ComCom-ში აცხადებენ, რომ შესწავლილი გარემოებებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად ცნო და მათ სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა.