ComCom-მა „რ2-ს" ოპოზიციური კოალიციის კლიპის ეთერში არგაშვებისთვის ოქმი შეუდგინა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსის დამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

„კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება  „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში აღარ გადის მათ მიერ მიწოდებული უფასო პოლიტიკური რეკლამები.

10 ოქტომბერს „ტელეიმედმა“ და „პოსტვ-იმ“ გაავრცელეს საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც, ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ რეკლამებს აღარ განათავსებდნენ. საჩივრის ავტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადება არ გაუვრცელებია „რუსთავი 2“-ს, სწორედ იმავე პერიოდიდან, მათ ეთერში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეორგოლი აღარ გადის.

საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო 50 დღის განმავლობაში, ყოველ 3 საათში გამოყოს 7.5 წუთი წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ამასთან, თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს.

კომუნიკაციების კომისიამ შესწავლილი გარემოებებიდან გამომდინარე „რუსთავი 2“ სამართალდამრღვევად ცნო და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა”, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.