კომუნიკაციების კომისიის ცნობით, „რუსთვი 2“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის, ხოლო „ტელეიმედი“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
„კერძოდ, „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე ტელევიზიასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა, მაუწყებელმა არ განათავსა „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ მიერ მიწოდებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა.
რაც შეეხება „ტელეიმედს“, ამ შემთხვევაშიც, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, „ტელეიმედი“ არ ათავსებდა პარტიის ფასიან წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებს. იმავე დღეს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი, რომ „ტელეიმედი“ უარს აცხადებდა ოპოზიციის პოლიტიკური რეკლამების განთავსებაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ცესკოს და კომუნიკაციების კომისიას კენჭყისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან, 5 კალენდარული დღის ვადაში, გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ.
ტარიფები ძალაში შედის 50-ე დღიდან. მაუწყებელი, რომელიც აქვეყნებს ტარიფს, ვალდებულია განათავსოს მისთვის წარდგენილი ფასიანი რეკლამა, ხოლო არ განთავსების შემთხვევაში, ის დაარღვევს კანონს.
„კომუნიკაციების კომისიამ შესწავლილი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ „რუსთავი 2“-სა და „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულია საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“, შესაბამისად, აღნიშნული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად სცნო და მათ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა“,- ნათქვამია განცახდებაში.