ComCom: პრაქტიკაში ავამოქმედებთ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისია ტელემაუწყებლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ მომდევნო კვირიდან „პრაქტიკაში აამოქმედებენ“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს.

ComCom განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება „მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე“ მიიღეს.

კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირება „მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში”.

გთავაზობთ განცხადებას: 

„კომუნიკაციების კომისია, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი, დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება, პასუხისმგებელია უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და სტაბილური მედიაგარემო საქართველოში.

გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული მაუწყებელია, მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და საგანგებო კანონისმიერი პროცედურით არის დასაშვები. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი არავის შემოუტანია.

საქართველოში მოქმედებს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ და კომისიის მიერ დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომლებიც პროგრამების შინაარსობრივი რეგულირების თვალსაზრისით გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობას ეფუძნება და მედიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს შეესატყვისება.

აღნიშნული აქტები კომუნიკაციების კომისიას მედიაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვის ვალდებულებას ანიჭებს. რაც შეეხება მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკითხს, მიუხედავად კანონის არსებობისა, კომისია თითქმის ერთი წელია მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს.

აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიღებულიყო სწორი და დაბალანსებული მედიაპრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, დღევანდელმა მოცემულობამ კი საკითხი და მისი გადაწყვეტის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ და ობიექტურობის სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ.

კომუნიკაციების კომისია იმოქმედებს მაღალი პასუხისმგებლობით, რათა დაიცვას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, სამართლიანი კონკურენცია, გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.


2025 წლის მარტში პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო.

ცვლილებებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება გაფართოვდა მაუწყებლობის სტანდარტების შესრულებაზე კონტროლის, ზედამხედველობისა და მაუწყებელთა სანქცირების თვალსაზრისით.

კანონს დაემატა დეტალური რეგულაციები ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხები.

იქამდე მოქმედი კანონით, ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებს არეგულირებდა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და სტანდარტების დარღვევაზე აქამდე რეაგირებას ახორციელებდნენ მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმები.

ცვლილებების შემდეგ, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება მიენიჭა კომისიას. სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს შეეძლება საჩივარი შეიტანოს პირდაპირ კომუნიკაციების კომისიაში. დარღვევის დადგენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება მაუწყებელთა მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები – გაფრთხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში – ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება.

სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვაზე მუხლის აღსრულების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს განსაკუთრებულ წესს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55² მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებზე რეაგირებასთან დაკავშირებით.

დარღვევაზე კომისიამ, შესაძლებელია, რეაგირება მოახდინოს ორი გზით:

ა) დაინტერესებული პირის საჩივრის ფარგლებში;
ბ) საკუთარი ინიციატივით.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი კომისიის ინიციატივით რეაგირების შესაძლებლობას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ადგენს, როდესაც სიძულვილის ენის/ ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი რეკლამის / პროგრამის გავრცელება ადამიანის უფლების შელახვას იწვევს.

სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტში წერია, რომ კომისია რეაგირებას მოახდენს, თუ დასაბუთდება, რომ დასახელებულ ინტერესების დაზიანებით ილახება ადამიანის უფლებები.