საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს 5-გვერდიან წერილს, სადაც ირაკლი ღარიბაშივლი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჰყვება. წერილში ის 2012 წლამდე მოვლენებს და 2012 წლის შემდეგ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ პროცესებს იხსენებს. წერილის დასაწყისში ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მის ურთიერთბებზე საუბრობს.
ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ თავს ვალდებულად მიიჩნევს გამოეხმაუროს „შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად“.
ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ რადგან პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის არავითარი ფაქტი არა აქვთ, ე.წ. ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ იმ გარემოებაზე მიუთითებენ ხოლმე, რომ „მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდის რამდენიმე მოწინავე წევრი პოლიტიკაში სწორედ მისი ლიდერობით მოვედით“.
„პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ „ქართუ ჯგუფში“ ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. ბუნებრივია, როგორც „ქართუს“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს. ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი“, – წერს ღარიბაშვილი.
წერილში აღნიშნულია, რომ „დემოკრატიული გარდატეხისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩავრთვის შესახებ“ გადაწყვეტილება „არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“ მიიღო.