„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 16 ივნისს აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივაზე აცხადებს, რომ ინიციატივა ცოტა მოუმზადებელია.
მისი თქმით, აქციის ჩატარებამდე ყველაფერს გათვლიან, გაიაზრებენ და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„არ ვიცი, ცოტა მოუმზადებელია სამწუხაროდ ეს ინიციატივა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. ეს აქცია რომ ჩავარდეს, იქნება ძალიან მძიმე, მათ შორის ცოტა ხალხი რომ მივიდეს ან ცუდად რომ იყოს ორგანიზებული ცუდი სურათი რომ შეიქმნას, ეს იქნება ძალიან ცუდი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ერთპიროვნულად გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, ანალიზი გვჭირდება ყველაფრის. აქცია როცა იგეგმება, ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, კარგად უნდა იყოს გააზრებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება სათანადოდ გააზრებული, ამიტომ დღეს ამაზე გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა“, – აცხადებს კობახიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში.