„ცოტნე ე.წ. რობოტზე დგას და ისე გადაადგილდება" - ცოტნე გამსახურდიას მეუღლე

პუბლიკა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანი ჯაბაური ფეისბუქზე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ წერს.

“მართალია, ე.წ. რობოტზე დგას და მისი საშუალებით გადაადგილდება ყოველ დილას, მაგრამ ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. მისი გამხდარი პირისახეც ექიმების მიერ გამიზნულად დანიშნული კვების რაციონის შედეგია – მისთვის ზედმეტი წონა მავნებელია.” – წერს ჯაბაური.

მისი თქმით, პირველი პრეზიდენტის ვაჟს ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. არც ლაპარაკობს – “თუმცა, მისი დაზიანებების ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალია”.

ჯაბაური ამბობს, რომ ცოტნე თურქეთში მენინგიტით გართულებული ღრმა კომით გადმოიყვანეს: “არ ვიცი ნებისყოფამ, ექიმებმა, განგებამ თუ ყველაფერმა ერთად იმუშავა – გადარჩა”.

როგორც გამსახურდიას მეუღლე წერს, ვერავინ ეუბნება ზუსტ დროსა და პროგნოზს, მაგრამ არსებული დადებითი დინამიკა მის მკურნალ ექიმებს აიმედებს.

ანა ჯაბაურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, გამსახურდიას რამდენიმე დღეში ევროპის ერთ-ერთ წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანენ.

“ბრძოლას ვაგრძელებთ. იმედიანად ყოფნასაც.” – წერს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე.

______________________________

პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს ვერაზე დაჭრეს.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირია დაკავებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.