ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობილებლობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს თორნიკე ქვათაძეს,  სასამართლომ მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა.


ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირია დაკავებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.

დაკავებულ პირებს – პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მათგან  ერთ-ერთს, გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.


ბრალდებულ გიორგი სოლოღაშვილს თქმით, ის აღიარებს დანაშაულს, თუმცა გამორიცხავს განზრახ მის ჩადენას.

„ვსვამდით ღვინოს და მოგვივიდა შელაპარაკება. როცა მოვდიოდი გზაში ცოტნემ დამარტყა ხელი და ამოვიღე დანა და ეგრევე დავარტყი, მე ვარ დამნაშავე და ვაღიარებ, არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ და ამოვიღე დანა და ეგრევე დავარტყი მეც”, – განაცხადა სოლოღაშვილმა სასამართლოზე.

მისი ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე ყველა მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ ეს იყო პირადი ურთიერთშელაპარაკების მოტივი და ამ შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი.

რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას ადვოკატს, ამირან გიგუაშვილის თქმით, წარმოუდგენელია, რომ ღვინის ხარისხზე, სუფრულ გარჩევას ამგვარი სისასტიკე მოყოლოდა.

„მითუმეტეს იქ იყვნენ ადამიანები, ვისაც შეეძლო ჩარევა და გაშველება”,- განაცხადა ადვოკატმა.


პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს ვერაზე დაჭრეს. ექიმებით თქმით, პაციენტს მრავლობითი ტრავმა ჰქონდა როგორც გულ-მკერდის, ასევე თავის ტვინისა და თავის ქალის.