გუდაურში რუსულენოვან ტურისტებთან დაპირისპირების შემდეგ დაკავებული აქტივისტი, ცოტნე ჯაფარიძე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.
ადმინისტრაციული წარმოება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით მიმდინარეობდა.
მოსამართლე რეზო ნადოის გადაწყვეტილებით, ჯაფარიძე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი წვრილმან ხულიგნობაში და სიტყვიერი გაფრთხილება გამოეცხადა. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სასამართლომ საქმისწარმოება შეწყვიტა.
„მოსამართლე შემოიფარგლა სიტყვიერი გაფრთხილებით. პრინციპში ამას არ ვეთანხმები. სიტყვიერი გაფრთხილებაც არ უნდა იყოს ამაზე, ოკუპანტი ქვეყნის მიმართულებით რაღაც სიტყვების თქმა, დასჯადი არ უნდა იყოს“, – უთხრა „ფორმულას“ სამოქალაქო აქტივისტმა.
„ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 9 თებერვალს დააკავეს.