COVID-19 | ბათუმში კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

პუბლიკა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმი-თერაპევტი, ბენო ჭელიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბენო ჭელიძე კლინიკაში სამკურნალოდ 20 ნოემბერს შევიდა. კორონავირუსის ფონზე მას აღენიშნებოდა მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და გულის დაავადება.

„აჭარის სამედიცინო საზოგადოებას დააკლდა ერთი ღირსეული წევრი. გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, კაცი, რომელიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თერაპიულ დეპარტამენტს, ასე უბრალოდ გამოგვაკლდა, დაგვეღუპა…

ამ ხნის მანძილზე ღირსეულად უძღვებოდა თავის საქმეს, იყო მაღალი დონის სპეციალისტი. ვისამძიმრებ ოჯახს.

19 რიცხვში დაუდგინა კორონავირუსი, 20-ში მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში. მდგომარეობის გაუარესების გამო გუშინ დილით რეანიმაციაში გადავიყვანეთ, იქ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ექიმები იძულებული გახდნენ, მართვით სუნთქვაზე გადაეყვანათ“, – განაცხადა გია კიკაბიძემ, აჭარის „რესპუბლიკურის“ სამედიცინო დირექტორმა.

აჭარის ჯანდაცვის ცნობითვე, ეს აჭარაში მედიკოსის გარდაცვალების მე-5 შემთხვევაა.

დღეს, 24 ნოემბერს აჭარაში კორონავირუსის 576 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 390 პაციენტი.