91-ე შემთხვევის წყარო ცნობილია, უკავშირდება ინგლისში მოგზაურობას - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება.

„წყარო ცნობილია, ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ამ კონტაქტების მოკვლევა და მოძიება მოხდება თავიდან ბოლომდე. ახალი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე, დანარჩენი ვნახოთ დინამიკაში. ის ჩამოსვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“, – აცხადებს ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, დილის შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. „კვლავ რჩება 4 პრობლემური პაციენტი, აქედან 2 ნაკლებად პრობლემურია და 2 ძალიან მძიმე პნევმონიით“. მისივე თქმით, დღის მეორე ნახევარში აღებულია 7 პაციენტზე ტესტირება „და ვნახოთ, ხვალ დილით რა შედეგი იქნება“.


ცოტა ხნის წინ საქართველოში კორონავირუსის ახალი, 91-ე შემთხვევა დადასტურდა. აქედან გამოჯანმრთელებულია 18 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717, ჰოსპიტლური მეთვალყურეობის ქვეშ კი – 268 პირი.