COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი „პაქსლოვიდი” საქართველოშია

პუბლიკა

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდის” პირველი პარტია საქართველოში ჩამოვიდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, „პაქსლოვიდი“ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს. „პაქსლოვიდის“ ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან.

„პაქსლოვიდით“ მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი 5 დღეს მოიცავს.

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კლინიკური ჯგუფის ექსპერტებთან ერთად, უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც მედიკამენტებია განკუთვნილი. პრეპარატის გამოყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც პროგნოზულად დამძიმების მაღალი რისკი აქვთ, როგორიცაა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხანდაზმულები და ა.შ. პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება.

COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი კომპანია Pfizer-მა შექმნა. „პაქსლოვიდი“ აღიარებულია, როგორც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ. პრეპარატი უკვე ფართოდ გამოიყენება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ქვეყნებში”, – ნათქვმია განცხადებაში.