ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება პრევენციული ზომების შედეგია და არ ასახავს ვირუსის განვითარების ბუნებრივ ტენდენციებს, ამიტომ, შეზღუდვების შემსუბუქებასთნ ერთად სიფრთხილე და მობილიზება აუცილებელია. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „მოამბის“ ეთერში ისაუბრა.
„ის შემაკავებული ღონისძიებები, – ფიზიკური დისტანცირება და სხვა ზომები, რომელიც აქამდე გამოვიყენეთ იყო ძალიან ეფექტიანი, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ შეგვეკავებინა, გაგვეწყვიტა ვირუსის გავრცელების ჯაჭვი და მივიღეთ ასეთი დაბალი გავრცელება, დღევანდელი მდგომარეობით. საინტერესო ტენდენცია არის ის, რომ ვირუსის გავრცელების პროცესში როდესაც რაიმე კეთდება ჩარევის სახით, ეს შედეგს გვაძლევს 2 კვირის ვადაში. ამდენად, ჩვენ ახლა ძალიან ფრთხილად უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, შემზღუდავი ღონისძიებების მოხსნასთან ერთად იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ეს დინამიკა.
რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც მივიღეთ, არის პრევენციული და შემაკავებელი ღონისძიებების შედეგი და ამდენად ეს ვირუსის გავრცელების ბუნებრივ ტენდენციებს და გარანტირებულ კლებას ნამდვილად არ ასახავს. ამდენად, კვლავაც გვმართებს მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ ეს შედეგი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, არსებული შედეგის მიღწევაში წვლილი მიუძღვის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ დროის განმავლობაში თანამშრომლობდა ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეპიდემიოლოგებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან და იცავდა იმ ღონისძიებებს, რომლებიც იყო რეკომენდებული მათივე ჯანმრთელობის დაცვისთვის.
„ახლა ამ ძალისხმევისა და შედეგების შენარჩუნება იქნება კიდევ ერთი საყოველთაო პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანი იქნება, რომ თითოეულმა ჩვენგანმა კვლავაც გავიზიაროთ ეს პასუხისმგებლობა და გავაგრძელოთ ამ შედეგების შენარჩუნებისთვის მუშაობა“, – განაცხადა გაბუნიამ.