„COVID-19-ის ვაქცინა აფრიკაში დავტესტოთ“ - ფრანგი ექიმების რასისტულ ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა

პუბლიკა

Aljazeera-ს ინფორმაციით, ორმა ფრანგმა ექიმმა ტელეკომპანია LCI-ის ეთერში წამოაყენა ინიციატივა, რომ კორონავირუსის პოტენციური ვაქცინა აფრიკის კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანებზე გამოსცადონ. მათ ამ რასისტული კომენტარების გამო აკრიტიკებენ. ექიმები გადაცემაში განიხილავდნენ კორონავირუსთან საბრძოლველად ტუბეკულიოზის ვაქცინის ეფექტურობის საკითხს.

„ეს შეიძლება პროვოკაციული იყოს – კვლევა აფრიკაში ხომ არ ჩავატაროთ? სადაც არ აქვთ პირბადეები, მკურნალობასა და ინტენსიურ თერაპიაზე ხელმისაწვდომობა. დაახლოებით ისე, როგორც შიდსის კვლევა ჩატარდა სექსმუშაკებზე. ჩვენ ვცდით სხვადასხვა რამეს, რადგან ვიცით, ისინი მაღალი რისკის ქვეშ არიან და თავს არ იცავენ“, – განაცხადა პარიზის კოშანის ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის ხელმძღვანელმა ჟან-პოლ მირამ.

ექიმს დაეთანხმა საფრანგეთის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტის კვლევის მიმართულების დირექტორი კამილა ლოტი – „მართალი ხართ. სხვათა შორის, ჩვენ პარალელურად ვფიქრობთ აფრიკაში იმავე მეთოდით კვლევის ჩატარებაზე“.

ამ განცხადებებს მალე მოჰყვა ინტერნეტკრიტიკა.

„აფრიკა საცდელი ლაბორატორია არ არის. ვგმობ ამ დამამცირებელ და რასისტულ გამოსვლებს“, – დაწერა Twitter-ზე ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ.

„ეს პროვოკაცია კი არა, რასიზმია. აფრიკა ევროპის ლაბორატორია არ არის და აფრიკელები საცდელი ვირთხები არ არიან“, – აცხადებს საფრანგეთის სოციალისტური პარტიის წევრი ოლივიე ფაური.

საფრანგეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო ეროვნული ინსტიტუტი გავრცელებულ ინფორმაციას ყალბ ახალ ამბებს უწოდებს და აცხადებს, რომ ინსტიტუტის თანამშრომლის კომენტარი კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი.

ექიმი მირა კი თავისი კომენტარის გამო ბოდიშს იხდის – „მინდა, ყველას ბოდიში მოვუხადო, ვისაც გული ვატკინე გადაცემაში ჩემი უხეში გამონათქვამებით“.