დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, რამდენიმე მოქალაქემ COVID-19-ისგან თავის დასაცავად მდუღარე წყალი დალია. მისი თქმით, ამ პრობლემით დამწვრობის ცენტრს სამმა პაციენტმა ამბულატორიულად მიმართა, ხოლო დაახლოებით ხუთმა – ცენტრისგან სატელეფონო და ონლაინკონსულტაციები მოითხოვა.
„მეუხერხულება კიდეც მოწოდების გაკეთება, როგორ ვურჩიო მოსახლეობას, რომ ადუღებული წყალი არ დალიონ, მაგრამ ეს ფაქტია. არ ვიცი, ადუღებული წყალი რამდენად დაგვეხმარება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ტუჩების, ენის და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. ასევე, რამდენიმე მოქალაქემ ტელეფონით მომმართა და მათთანაც ანალოგიური შემთხვევები იყო. საბედნიეროდ, არცერთი რთული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ყველა მათგანი ამბულატორიულ მკურნალობას დაექვემდებარა, მათი მდგომარეობა დღესდღეობით კარგია“, – განაცხადა ქაშიბაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ქაშიბაძის თქმით, ასევე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ სპირტით დაიმუშავა ხელები, გაშრობა არ აცადა და სიგარეტს ისე მოუკიდა. მან ორივე მტევანზე ზედაპირული დამწვრობა მიიღო. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დამწვრობის შემთხვევებმა მოიმატა ბავშვებში. მისივე თქმით, 10-დან 9 შემთხვევა უყურადღებობის გამო მოხდა.
მედიკოსები კორონავირუსისგან თავის დასაცავად მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დაიცვან პირადი ჰიგიენა, სოციალური დისტანცია და დარჩნენ სახლში. მდუღარე წყლის დალევა იწვევს დამწვრობას და ვირუსისგან დაცვის ასეთ მეთოდს მედიკოსები არავის ურჩევენ.