COVID-19-ით ინფიცირებულმა მღვდელმა მსახურება რამდენიმე დღის წინ აღავლინა - საპატრიარქო

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვერაზე მდებარე წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში მსახურობდა. საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, მან საეკლესიო მსახურება რამდენიმე დღის წინ, სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

კონკრეტულად, რომელ დღეს აღავლინა ბოლოს მსახურება, ამის შესახებ საპატრიარქო დეტალებს, ჯერჯერობით, არ აზუსტებს.

სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ვირუსი მისი ოჯახის სამ წევრსაც დაუდასტურდა. მაკა სოლოღაშვილი ამბობს, რომ ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.