COVID-19-მა საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა, გენდერული უთანასწორობა კი გააღრმავა – UN Women

პუბლიკა

რა გავლენა იქონია COVID-19-მა საქართველოში ქალებისა და გოგოების მდგომარეობაზე და როგორ შეცვალა მათი ცხოვრება პანდემიამ — გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სიტუაციის სწრაფი გენდერული ანალიზი ჩაატარა.

პანდემიის შედეგად, ქალებისთვის საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი კიდევ უფრო გაიზარდა. მაგალითად, ბავშვების მოვლაზე, დალაგებასა და საჭმლის მომზადებაზე მათ ახლა გაცილებით დიდი დროის დახარჯვა უწევთ. გამოკითხული ქალების 61%-ი ამბობს, რომ ისინი ბავშვებზე ზრუნვას მეტ დროს უთმობენ, 41%-ს დალაგებაზე დახარჯული დრო გაეზარდა, 31%-ს კი — საჭმლის კეთებაზე.

საინტერესოა იმ ძირითადი საქმიანობების შედარებაც, რომლებსაც ქალები და კაცები COVID-19-ის გავრცელების შემდეგ ასრულებენ. ქალების შემთხვევაში მთავარი საქმიანობების ხუთეული ასეთია: საჭმლის მომზადება, დალაგება, სახლის საქმეების მართვა, ბავშვებზე ზრუნვა და ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობა. კაცების შემთხვევაში კი მთავარ საქმიანობებს სახლის საქმეების მართვა, საყიდლებზე სიარული, დასვენება, შინაური ცხოველების მოვლა და ბავშვებთან თამაში წარმოადგენს.

პანდემიის შედეგად, დასაქმებული მოსახლეობის მესამედმა სამსახური დაკარგა. გამოკითხული ქალების 78% აცხადებს, რომ თუ ვირუსის გავრცელების შემზღუდავი ზომები გაგრძელდება, მათ ძირითადი ხარჯების დაფარვა გაუჭირდებათ. ასევე, კვლევა აჩვენებს, რომ პანდემიამ და კარანტინმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგოების მდგომარეობა გაამწვავა. რადგან შეზღუდვები ინფრასტრუქტურის პრობლემებს ამძაფრებს, შშმ ქალები და გოგოები, განსაკუთრებით კი უსინათლოები, კარგავენ წვდომას მზრუნველობაზე, რომელიც მათ გადაადგილებისთვის ესაჭიროებათ.

კვლევის სატელეფონო გამოკითხვის კომპონენტმა მთელი საქართველოს მასშტაბით 1069 ადამიანი მოიცვა. მათ შორის, 572 – ქალი და 497 – კაცი. მისი სრული ანგარიში ხელმისაწვდომი ივნისის ბოლოსთვის იქნება.