კორონავირუსით ინფიცირებული 24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის სამედიცინო ცენტრში გუშინ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგონას თანმხლები დაავადებები არ ჰქონია და მდგომარეობის დამძიმება ექიმების დაუდევრობამ გამოიწვია.
„მიზეზი არ ვიცით, რა ჰქონდა ბავშვს. მერე მიაწერეს შაქარი და ყველაფერი. შაქარი არ ჰქონია, იქ აუწია თუ რა ქნა, არ ვიცით. დედა ვარ, ხომ მივხვდებოდი. 24 წელი არაფერი სიმპტომი არ ჰქონია შაქრისა. არ მიხედეს ჩემს შვილს. ექიმიდან ექიმთან მაგზავნიდნენ, წესიერი პასუხი არავინ არ მომცა“, – აცხადებს გარდაცვლილის დედა.
გარდაცვლილის მამის თქმით, 10 დღის განმავლობაში მათი შვილი ისე იწვა კლინიკაში, ექიმს ოჯახისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია მისი მდგომარეობის შესახებ.
„სუნთქვის უკმარისობით ბავშვი დააძინეს, როცა უნდა დახმარებოდნენ ხელოვნურ სუნთქვაზე. ჯანმრთელად იყო ბავშვი და ერთ საღამოში ისე დამიმძიმეს, შედეგი ყველამ ნახეთ“, – აცხადებს მამა.
ნინო გულიკაშვილის ოჯახის ბრალდებებს უპასუხა მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ.
„ოჯახი არის ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მათ შეუძლიათ, ბევრი რამე თქვან. მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემთან ცხელებით არის ეს გოგო შემოყვანილი. ავიღეთ pcr-ტესტი და პირველივე ტესტზე დადასტურდა დაავადება. თუ არ დადასტურდებოდა covid-19, ჩვენს კლინიკაში ვერ გააგრძელებდა მკურნალობას.
პაციენტი იყო შემოსვლისთანავე მძიმე, მაღალი სიცხე, ორმხრივი მწვავე პნევმონიით, სუნთქვის უკმარისობით; თანმხლებს რაც შეეხება, გოგონა იყო ჭარბი წონის, ოჯახი და თვითონ პაციენტი არ იყვნენ ინფორმირებულნი, არ ჰქონდათ ჩატარებული კვლევა შაქრიან დიაბეტთან მიმართებაში, თუმცა რაღაც დღეებში ჩვენთან გამოვლინდა გლიკემიის მაღალი ციფრები. გართულება გამოიწვია რესპირატორული მდგომარეობის გაუარესებამ, განვითარდა სპონტანური პნევმოთორაქსი, რამაც დაამძიმა მდგომარეობა და მივიღეთ ლეტალური გამოსავალი“, – განაცხადა „რუსთავი 2-თან“ საუბარში ექიმმა.
შემთხვევის შესახებ კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც. თამარ გაბუნიას თქმით, სამინისტრო აღნიშნულ საქმეს შეისწავლის.
„მანამდე მე არ მაქვს საფუძველი ვისაუბრო რომელიმე მხარეს გარკვეულ გადაცდომაზე. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, მცხეთის სამედიცინო ცენტრი დიდი ხანია, პროგრამაში მონაწილეობს, ძალიან ბევრი რთული შემთხვევის მართვა მოხდა იქ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ, ვიდრე არ მექნება საფუძველი, ვისაუბრო კონკრეტულად“, – განაცხადა გაბუნიამ.