20-ზე მეტი ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო მოძრაობა კორონავირუსთან დაკავშირებით საერთო განცხადების ტექსტს ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის გატარებულმა ღონისძიებებმა საქართველოს ეკონომიკას დარტყმა მიაყენა, მიყენებული ზიანის მასშტაბი კი ჯერ კიდევ არ არის გათვლილი. ხელმომწერი პარტიები და ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეკონომიკური კრიზისი საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიას, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოცდა უნდა გაიაროს.
„ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური განსხვავებები ხელისუფლებასთან, რომლისგანაც, მიუხედავად კრიზისისა, ველოდებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის განხორციელებასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დღეს შექმნილ ვითარებას, განვიხილავთ, როგორც დემოკრატიის გაძლიერების, საერთო ეროვნული კრიზისის ფონზე, მრავალპარტიული თანამშრომლობის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთიანი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას.”
მათი თქმით, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსესუსი არსებობს, რომ საქართველოს ეკონომიკას სტრატეგიული მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება, რათა თავდაპირველად შენარჩუნდეს ეკონომიკური წონასწორობა, პანდემიის დასრულების შემდეგ კი გადარჩეს ის.
„საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებებელი აუცილებლობა და როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდგომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას”, – წერია განცხადებაში.
განცხადების ადრესატები აშშ-ის მთავრობა, ბრიტანეთის მთავრობა, კანადის, ნორვეგიისა და შვეიცარიის მთავრობები, ევროკავშირი, სავალუტო ფონდი, მსოფლიო და ევროპის განვითარების ბანკები, EBRD, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, JICA და DEVELOPMENT BANK არიან.
განცხადებას ხელს აწერენ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები:
- გირჩი
- ევროპული საქართველო
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- ახალი საქართველო
- რესპუბლიკური პარტია
- სამოქალაქო მოძრაობა
- თავისუფალი საქართველო
- ევროპელი-დემოკრატები
- პარტია სამართლიანობისთვის
- მოძრაობა ახალი საქართველოსთვის
- გამარჯვებული საქართველოსთვის
- კანონი და სამართალი
- თავისუფალი დემოკრატები
- საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
- დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო
- ემსახურე საქართველოს
- სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
- საქართველო ლიდერთა შორის
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
- მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
- ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
- ლელო საქართველოსთვის
- ნატო ჩხეიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი