ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შრომის ინსპექციამ სავაჭრო ცენტრს 10 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.
სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, შრომის ინსპექციამ მაღაზია „გრანდმოლს“ შენობის შესასვლელებში თერმოსკრინინგის დეტექტორები მოსთხოვა, რაც მათი თქმით, 2 000 ლარი ღირს.
„გუშინ სახემწიფომ განახორციელა სადამსჯელო ღონისძიება ჩვენი დაწესებულების მიმართ. გამოგვიწერა 10 000-ლარიანი ჯარიმა. წელში გაწყვეტილი მიკრო და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მოგვთხოვა 15 000-ლარიანი ინვენტარის შეძენა. იმერეთში, ზოგადად, 4 ორგანიზაცია დაჯარიმდა 10 000-ლარიანი ჯარიმით. წელში გაწყვეტილ მცირე ბიზნესის წარმომადგენელს კიდევ უმატებენ და მაინტერესებს, დენდროლოგიურ პარკში 100 ათასი კაცი რომ იყო, მაშინაც ხომ იყო რეგულაციები?! ვინ დაჯარიმდა იქ ?! სად იყო სახელმწიფო ?!“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სავაჭრო ცენტრი ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს. ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში 5 სავაჭრო მოლი დააჯარიმა. მათი თქმით, მიზეზი ახალი რეგულაციების შეუსრულებლობაა. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს.
„ქალაქ ქუთაისში, მონიტორინგის ფარგლებში ინსპექტირების პროცესი გრძელდება. შევამოწმეთ სავაჭრო მოლები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. ადგილზე არ მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, არ ხდება ტემპერატურის სკრინინგი. სწორედ ამიტომ, 5 სავაჭრო ობიექტი დავაჯარიმეთ. მონიტორინგი გრძელდება ბაზრების ტერიტორიაზეც. ჩვენ ვაძლევთ გაფრთხილებებს და მოქალაქეებს, რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.