COVID-19 | რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის სექტორისთვის

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საკარანტინო რეჟიმი დამატებით კიდევ 4 დასახლებულ პუნქტში ამოქმედდა, ქობულეთის სოფლებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავრუკაში. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ამ დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებლებს ექნებათ საშუალება, განახორციელონ სასოფლო სამეურნეო სამუშაოები, თუ დაიცავენ იმ პროტოკოლს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი.

ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც განსაზღვრავს, როგორ იმოქმედონ მემცენარეობით, მეცხოველეობით, მეფრინველეობით, სასათბურე მეურნეობით დაკავებულმა და ცხოველთა სასაკლაოების მფლობელმა ადამიანებმა.

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე თუ:

  • დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში
  • ბოლო 14 დღე მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსით ინფიცირებულთან
  • აღენიშნებათ: ხველა, ცემინება, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე და ა.შ.
  • არიან 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ბრონქული ასთმის, სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებების მქონეები.

დამსაქმებელი ვალდებულია:

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, დამსაქმებელი ვალდებულია, გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცხის გაზომვითა და გამოკითხვით, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულებთან და ვირუსის რამე სიმპტომს ხომ არ უჩივიან.

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დამსაქმებელმა უნდა შეიმუშაოს ამ პირთა იზოლაციის გეგმა და დაუყოვნებლივ აცნობოს ჯანდაცვის ცენტრებს. სამუშაო ადგილზე თვალსაჩინოდ უნდა იყოს გამოკრული კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წესები.

დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს თანამშრომელთა როტაცია, შესაძლებლობისამებრ შეამციროს სამუშაო დრო და ასევე  უზრუნველყოს დისტანციური მუშაობა.

დამსაქმებელმა მუშაობის მიმდინარეობისას სამუშაო დროის განმავლობაში უნდა დააწესოს სანიტარული შესვენებები;

უზრუნველყოს დასაქმებულთა შორის დისტანცია 2 მეტრი;

ადმინისტრაციული შენობის შესასვლელებთან განათავსოს დეზობარიერები, სხვა შემთხვევაში მოხდეს ფეხსაცმლის დამცავის, ბახილების გამოყენება;

სამუშაო ადგილებზე განათავსოს სადეზინფექციო საშუალებები და მოხმარების წესები;

უზრუნველყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების მუდმივი დეზინფექცია;

სამუშაო იარაღები, ინვენტარები, მოწყობილობები დამუშავდეს დღეში რამდენჯერმე 70%-იანი სპირტისშემცველი ხსნარით.

დამსაქმებელი ვალდებულია, რომ დასაქმებულები უზრუნველყოს, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალური ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, თავსაბურავით, ხელთათმანით, ნიღბითა და თვალების დამცავით.

დასაქმებული ვალდებულია:

დაიცვას ჰიგიენა სამუშაო ადგილზე;

მისალმებისას მოერიდოს შეხებას, ხელის ჩამორთმევას და სხვა;

მოერიდოს თავშეყრას და დაიცვას დისტანცია 2 მეტრი;

სამუშაოს შესრულებისას გამოიყენოს დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;

სამუშაოს დაწყება/დამთავრებისას სადეზინფექციო ხსნარით დაამუშაოს სამუშაო ადგილი და ხელსაწყოები;

ხელის ჰიგიენის დაცვისას დამსაქმებელი სამუშაოზე უნდა გამოცხადდეს სამკაულების გარეშე და დამატებით ჰიგიენა უნდა ჩაიტაროს:

  • საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ;
  • დახველებისა ან დაცემინების შემდეგ;
  • ტუალეტით სარგებლობამდე და მის შემდეგ.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის სექტორისთვის სრულად იხილეთ  ბმულზე.