COVID-19 | შეზღუდვები15 ივლისს იწურება, შემდგომ ნაბიჯებზე დაიწყოს აქტიური განხილვა - NGO-ები

პუბლიკა

პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების საკანონმდებლო საფუძველს ვადა 2020 წლის 15 ივლისს ეწურება, საზოგადოებისთვის კი უცნობია, თუ რა სამართლებრივი რეალობა იარსებებს ამის შემდგომ. ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტში არ ფიქსირდება ახალი კანონპროექტი ვადის გაგრძელების ან საკითხის სხვაგავრად მოწესრიგების შესახებ.  შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიწყოს აქტიური განხილვა აღნიშნული საკითხის შესახებ და მიაწოდოს საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია, – განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები GDI, ISFED და HRC ავრცელებენ.

მათი თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების არსებობა/არ არსებობის თაობაზე საზოგადოების დროულ ინფორმირებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას საარჩევნო წელი და პროცესები ანიჭებს, ვინაიდან საარჩევნო პროცესის სრულფასოვანი წარმართვა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პანდემიასთან ბრძოლის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე.

„საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ COVID-19 ის გავრცელების თავიდან აცილების  მიზნით საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა, რითაც საქართველოს მთავრობას მიეცა შესაძლებლობა, კვლავ დაეწესებინა შეზღუდვები მთელ რიგ კონსტიტუციურ უფლებებზე, მათ შორისაა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, მიმოსვლა,  საგანმანათლებლო პროცესი და სხვა”, – აღნიშნავენ ორგანიზაციები.

განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.