COVID-19 | წესები სილამაზის სალონებისა და მომხმარებლებისთვის

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური წესები მომსახურებას განაახლებენ, თუმცა მათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები და წესები უნდა დაიცვან.

ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა ის რეკომენდაციები, რომლებიც როგორც სალონების, ასევე მომხმარებლების უსაფრთხოებას განსაზღვრავს.

ძირითადი რეკომენდაციები:

რიგებისა და თავშეყრის აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ელექტრონული დაჯავშნის სისტემით; უნდა გაკონტროლდეს სამუშაო სივრცეში მომხარებლების რაოდენობა – დასაშვებია 5 კვადრატულ მეტრზე 1 მომხარებლის დაშვების შესაძლებლობა, თუ ფართზე ერთ მომხარებელს ერთი პერსონალი ემსახურება; აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სივრცეების ბარიერებით იზოლაცია; ისეთ ცენტრებში, რომელთაც 20-ზე მეტი დასაქმებული ჰყავთ, მომხმარებელს შესვლის წინ ტემპერატურა უნდა შეუმოწმონ; შესასვლელში უნდა განთავსდეს სავალდებულო დეზობარიერი; ისეთი მომხმარებლისთვის, ვისაც პროცედურულად მოცდა უწევს, უნდა განისაზღვროს დისტანცირებული მოსაცდელი ადგილი; ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიენიჭოს ბარათს.

მომხმარებლის მიმართ გასატარებელი ღონისძიებები:

რიგის თავიდან ასაცილებლად მომხარებელი გამოცხადდეს იმ დროს, რა დროსაც ჩაწერილია; სალონში მისვლისას თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სავალდებულოა ნიღაბი; სივრცეში შესვლისთანავე უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა და დაიცვას ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული პრევენციული ნორმები.

იმ შემთხვევაში, როდესაც სასალონე მომსახურება ითვალისწინებს სახის, ხელის ან/და ფეხის პროცედურას, ხდება მხოლოდ ჩარევის ზონის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალების მოხსნა (მაგ. სახის პროცედურების დროს მოიხსნას ნიღაბი). პროცედურის დროს დაცული უნდა იყოს მომხმარებლებს შორის 2-მეტრიანი დისტანცია, ხოლო მომსახურების გამწევი პირი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

დამსაქმებლის ვალდებულებები:

სამუშაო სივრცეში უნდა განათავსოს პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია და ხელის ანტისეპტიკური საშუალებები; მოწესრიგებული უნდა იყოს სველი წერტილები, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები; პერსონალი უნდა უზრუნველყოს სადეზინფექციო საშუალებებით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;

– იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია კონტაქტი სისხლსა და
ბიოლოგიურ სითხეებთან ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება.
– იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია სისხლისა და ბიოლოგიური
სითხეების გაფრქვევა, დამცავი ტანსაცმელისა და სათვალის გამოყენება.
– ნიღბებით ნებისმიერი პროცედურების დროს. ნიღბების შეცვლა უნდა განხორციელდეს
დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 4 საათში ერთხელ.

დამსაქმებელმა დასაქმებული უნდა გააფრთხილოს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებაზე და უზრუნველყოს გამოყენებული თეთრეულის გამოცვლა/სათანადოდ გარეცხვა; ობიექტზე უნდა განთავსდეს ზედაპირებისა და ინსტრუმენტების სადეზინფექციო საშუალებები; უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამუშაო სივრცის ვენტილაცია და განიავება; გამოყენებული ნარჩენები უნდა მოთავსდეს და გადაიყაროს ყველა წესის დაცვით;

მომსახურებისთვის ანგარიშსწორების მაგიდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალე ბარიერით, უკიდურეს შემთხვევაში დასაქმებული სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად უნდა აღიჭურვოს დამცავი ფარით.

ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უნდა მოხდეს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. ასევე, აუცილებელია ნარჩენების დროული გატანა.

დასაქმებულთა ვალდებულებები:

დასაქმებულებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ხელის ჰიგიენა, გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები; უნდა ჰქონდეთ ასეპტიკური და სტერილიზაცია/დეზინფექციის კარგი პრაქტიკა; ვალდებულია, გაწმინდოს და გაასუფთავოს ზედაპირები, აღჭურვილობა მომხმარებლის მიღებამდე და მის შემდეგ; თავი შეიკავოს ხელებით თვალებზე, ცხვირზე, პირზე შეხებისგან. სავალდებულოა თმის მჭიდროდ შეკვრა, რათა შეიზღუდოს მისი შეხება სახესთან.

სრულ რეკომენდაციებს გაეცანით ბმულზე.