Covid-19-ზე ვაქცინაცია ევროკავშირის ქვეყნებში სავარაუდოდ 27 დეკემბერს დაიწყება – The Guardian

პუბლიკა

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს სპანის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებას 27 დეკემბრიდან გეგმავენ. ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

„თუ ვაქცინის დამტკიცება გეგმის მიხედვით გაწერილ დროში მოხდება, გერმანიაში ვაქცინაციას 27 დეკემბერს დავიწყებთ. ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც სურთ, რომ ვაქცინაცია 27 დეკემბერიდან დაიწყოს“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე, რომელსაც კანცლერი, ანგელა მერკელი და ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის BioNTech–ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გერმანია Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცებას ევროპის წამლის სააგენტოსგან (EMA) ელოდება. ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარის თქმით, სავარაუდოდ, სააგენტო ვაქცინას საბოლოოდ 23 დეკემბერს დაამტკიცებს.


Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაცია პირველად გაერთიანებულ სამეფოში დაიწყეს. დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველმა ადამიანმა 8 დეკემბერს გაიკეთა. ამის შემდეგ, 14 დეკემბერს ვაქცინაცია დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.