Covid-დახმარების მისაღებად რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტომდე გაგრძელდება

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად თვითდასაქმებულებისა და შემოსავალდაკარგული ადამიანების რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტომდე გაგრძელდება.

„მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური, ან მათთვის, ვინც თვითდასაქმებული იყო და ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ ან საერთოდ დაკარგეს – მოგეხსენებათ, ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვინც ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ეს ვადა გაგრძელდება 1 აგვისტომდე. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაგრძელებთ“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, დღეის მდგომარებით, 121 719 თვითდასაქმებულმა უკვე მიიღო დახმარება სახელმწიფოსგან და 129 ათასზე მეტმა დასაქმებულმა, რომელმაც დაკარგა შემოსავალი ან სამსახური.


მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით:

1. დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში – დახმარების სახით მიიღებენ 200 ლარს 6 თვის განმავლობაში. ჯამში – 1200 ლარი.

2. არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში, მიიღებენ ერთჯერად დახმარებას – 300 ლარს.