Covid-ინფიცირებულების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ვმსჯელობთ - ცესკო

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ცესკოს პოზიციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში არჩევნები ჩატარდეს, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მისი თქმით, საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად. ანა მიქელაძემ განმარტა, რომ შესაძლებელია, საკარანტინო სივრცეებში იყვნენ Covid-ინფიცირებული პაციენტები, რისთვისაც საჭიროა გარკვეული დიფერენციაცია.

„ჩვენი პოზიცია არის, რომ საკარანტინო სივრცეებში ამომრჩევლებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა, შესაძლებელია, რომ ამ საკარანტინო სივრცეებში ასევე იმყოფებოდნენ Covid-ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები გამოხატული. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში საარჩევნო კომისიას მოუწევს გარკვეული დიფერენციაციის გაკეთება. მთავარია აღინიშნოს ის, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, Covid-ინფიცირებულების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება სპეციალისტებთან ერთად, რაშიც ჩართულები იქნებიან პოლიტიკური პარტიები და ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.