Covid-ის გავრცელების მიზეზი, დიდი ალბათობით, „ოცნების“ მიერ ინფიცირებული ფულის გავრცელებაა - ენმ-ის მაჟორიტარი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა facebook გვერდზე წერს, რომ  „მაღალი ალბათობით, Covid-ის მეორე ტალღის მიზეზი „ქართული ოცნების“ მიერ ინფიცირებული ფულის გავრცელებაა“.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში არსებული შავი ფულის დამფასოებელთა ჯგუფის უმეტესობას Covid-19 დაუდგინდა და მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ ერიდონ „ქართული ოცნების“ ფულად კუპიურებს.

„მიუხედავად ამისა, ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნით, Covid-19 -ით ინფიცირებული ფულის მასა გადანაწილდა „ოცნების“ რეგიონალურ შტაბებში და დაწყებულია მოსყიდვის მიზნით მათი გამოყენება. არჩევნებში რამდენიმე პროცენტით მეტი ხმის მისაღებად, ბიძინა მზად არის მთელი ერის ჯანმრთელობა და მოწყვლადი ჯგუფების სიცოცხლეც კი გაწიროს. უმორჩილესად გთხოვთ, ან მოერიდეთ ოცნების ფულად კუპიურებს, ან მათთან შეხებისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ“, – წერს სოციალურ ქსელში მურთაზ ზოდელავა.


პარტია „ქართული ოცნებიდან“ ამ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია ირაკლი ხახუბია, პარტია „ევროპული საქართველოდან“ – გიგა ბოკერია.