Covid-პასპორტს ჯანმო არ აღიარებს, ტესტირების შედეგი ვალიდურია ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საზღვრის უპირობო გახსნა, გარკვეულწილად, რისკის მატარებელია, თუ ეს გადაწყვეტილება არ ემყარება იმ ქვეყნების ეპიდსიტუაციის საფუძვლიან ანალიზს, რომლებთანაც საზღვრის გახსნა გადაწყდება.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ე.წ. covid-პასპორტის გამოყენება არ არის ეფექტიანი.

„covid-პასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ covid-თან დაკავშირებული სტატუსი და ტესტირების შედეგი ვალიდურია ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, 72 საათი. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მას უკვე არანაირი გარანტიისა და დაცვის საფუძველი აღარ აქვს. უკეთესი, მეცნიერულად დასაბუთებული დაცვა არის ტესტირება ნებისმიერი სიმპტომიანი პირის“, – აცხადებს გაბუნია.

გაბუნია ამბობს, რომ ერთი ტაქტიკაა ტურისტის საზღვარზევე საწყისი სკრინინგი. ასევე, სასურველია, PCR-ტესტირება შესაძლებელი იყოს მაღალი რისკის მოგზაურებისთვის: „ყველასთვის PCR-ტესტირების შეთავაზებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს, რადგან ეს არის რესურსტევადი და ამისი ეფექტიანობა დაბალია“, – ამბობს გაბუნია.

მისივე თქმით, მაღალი რისკის მოგზაურებისთვის განიხილავენ PCR-ტესტირების შესაძლებლობას.

„ყველაფერს შედარებით მეტ-ნაკლები ეფექტიანობა აქვს. [სხვა] ინტერვენციასთან შედარებით, თერმოსკრინინგი ეფექტიანია. გახსოვთ, ბევრი შემთხვევა სწორედ ამის შედეგად გამოვლინდა. მაღალი რისკის ჯგუფებშია ტესტირება ეფექტიანი, რადგან ზოგადად, პოპულაციაში, ხედავთ, რომ შიგნით არ გაქვს. ამიტომ გამოიყოფა ის მოგზაურები, რომლებიც არიან მეტად მაღალი რისკის მატარებლები. გარკვეული ალგორითმი მომზადდება ამისთვის, იქ იქნება მოგზაურობის ისტორია, ასევე, რომელი ქვეყნიდან მოდის, გადატანილი სტატუსიც და იდენტიფიცირდებიან ისინი, ვისაც შევთავაზებთ PCR-ტესტირებას. ეს არის მოდელი, რომელსაც განვიხილავთ, რასაც დამუშავება სჭირდება და დაიხვეწება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში“, – განმარტავს გაბუნია.

გარდა საზღვარზე შემოწმებისა, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მზად იქნება სასტუმროებიც საიმისოდ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ მოგზაურს, თუ საეჭვო სიმპტომი გამოუვლინდება.

„მზად არის სასტუმროები, მზად არის ტურისტული ადგილები იმისთვის, რომ მოახერხონ, დახმარება გაუწიონ მოგზაურს, თუ ოდნავ მაინც აქვს საეჭვო სიმპტომი და დააკავშირონ სამედიცინო სფეროსთან“, – განაცხადა გაბუნიამ.


საქართველო უპირობოდ უხსნის საზღვარს ხუთ ქვეყანას. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ამ ქვეყნებიდან ჩამოსულმა პირებმა საზღვარზე უნდა შეავსონ ანკეტა, რომელშიც შეიტანენ ინფორმაციას საქართველოში ჩამოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის შესახებ ისტორიას და თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში ჩაუტარდებათ pcr-ტესტი.