„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გამოაქვეყნა კვლევა – „de facto საგანგებო მდგომარეობის ერთი წელი საქართველოში და ადამიანის უფლებები პანდემიისას“. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ Covid რეგულაციების შემოღებისა და აღსრულების პროცესი აჩენს ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის მომეტებულ რისკებს.
კვლევის მიხედვით, Covid-რეგულაციების დარღვევისთვის 112 991 ჯარიმა გამოიწერა, ჯარიმების საერთო მოცულობა კი 50 000 000 ლარს აჭარბებს. ორგანიზაციის განცხადებით, გამოწერილი ჯარიმებიდან დაახლოებით 60 000 დიდი ალბათობით უკანონოა. მონაცემები მოიცავს 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს.
„ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვაზე პოლიტიკური და სამართლებრივი კონტროლი უნდა გაძლიერდეს და პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფომ გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყოს“, – აცხადებს IDFI
ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიისას პარლამენტი ვერ ახერხებს აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტურ კონტროლს, კომენდანტის საათი კი ვერ პასუხობს თანაზომიერების პრინციპს. IDFI აღნიშნავს, რომ არსებობს კითხვები, რამდენად ეფექტურად უზრუნველყოფს კომენდანტის საათი მოსახლეობის სახლში დარჩენას.