Covid-სასტუმროებში თერაპიული მართვის შეტანა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა - გახარია Covid-ის მართვაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში კორონავირუსთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა. მან მთავრობის წევრებს რამდენიმე მიმართულებით მისცა დავალებები.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანამ ჰოსტიტალიზაციის მაჩვენებელი 15%-მდე უნდა დაწიოს. ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ Covid-სასტუმროებს „ელემენტარული თერაპიული ელემენტები” დაემატოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალურად დიდ რაოდენობას ჰქონდეს საშუალება, წყნარად, მშვიდად, ბინაზე იმკურნალოს, რადგან ბინაზე მკურნალობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და არ დაგვრჩეს გარეთ ის ხალხი, რომელსაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება.

გარდა ამისა, Covid-სასტუმროებში, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ, სასწრაფოდ, დღესვე უნდა შევიტანოთ ელემენტარული თერაპიული ელემენტები და ეს უნდა იყოს არა მხოლოდ კოვიდ-სასტუმროები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, არამედ კოვიდ-სასტუმრო თერაპიული მართვის ელემენტებით და სამედიცინო მეთვალყურეობით და მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზება.

რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა არის ერთადერთი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენ ეს კრიზისი უნდა გადაგვალახინოს. ამიტომ ჰოსპიტალიზაციის პროტოკოლებიდან დაწყებული, მანუალური მართვით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს 26% დავიყვანოთ 15%-მდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული ტესტირების მნიშვნელობაზე.

„ეს მოგვცემს შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ბინაზე მკურნალობა, კოვიდ-სასტუმრო და ჰოსპიტალიზაცია სწორად გვაქვს დალაგებული, ანტიგენის სწრაფი ტესტირებით, აღვჭურვავთ ადამიანს ცოდნით, რომ ის ინფიცირებულია და უკვე შექმნილია ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ იმის მიხედვით, რა სიმძიმის არის, როგორ უმკურნალოს საკუთარ თავს”, – აღნიშნა მან.

მან კიდევ ერთხელ შეაჯამა ინ ნაბიჯები, „კრიტიკული წერტილები”, რომელიც უნდა გაითვალისწინონ:

„პირველი – რა თქმა უნდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე ჩამოწევა, ერთმნიშვნელოვნად;

მეორე – Covid–სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტების შეტანა და ბინაზე მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის რგოლით;

პირბადე, თვითიზოლაცია და ანტიგენის სწრაფი ტესტი – ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, ეს კრიზისი, პიკი გადავიაროთ.

კიდევ რა არის მთავარი – წერტილოვანი შეზღუდვებიდან, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ, გამოვყოთ რა არის მთავარი დღევანდელი მდგომარეობისთვის. სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება”, – განაცხადა გახარიამ.