ცქიტიშვილი: საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა მიზანშეწონილი არ იყო. მან განცხადება სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა. ამ პარტიის ლიდერი გიორგი გახარია გუშინ იყო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ის ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს.

ცქიტიშვილი წერს, რომ ოპოზიციური პარტიები კოორდინაციის ფარგლებში მართლაც შეთანხმდნენ, რომ მონაწილეობას არ მიიღებდნენ საგამოძიებო კომისიის სხდომებში. თუმცა, ცქიტიშვილი ამბობს, რომ შეთანხმება მისი დასტურით შედგა და ამ საკითხზე პარტიაში წინასწარ მსჯელობა არ ყოფილა.

„მინდა ჩემი მხრიდან განვმარტო იმის შესახებ, თუ რა შეთანხმება შედგა კოორდინაციის ფორმატში. კოორდინაციის ფარგლებში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ შეთანხმება მართლაც შედგა — ჩემი მონაწილეობითა და ჩემი დასტურით, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წინასწარი მსჯელობა პარტიაში არ ყოფილა.
მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ არმისვლა იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება რიგი ფაქტორების გათვალისწინებით.
თუმცა, ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი პერსონალური განზომილება — განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა 20 ივნისი, ჩორჩანა, ან თუნდაც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება. ეს თემები სცდება პარტიულ ჩარჩოებს და განეკუთვნება უფრო მაღალი, სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროს. ეს ფაქტორები მე უნდა გამეთვალისწინებინა, როდესაც შეთანხმებას ვუერთდებოდი, და ვწუხვარ თუ ამით კოორდინაციის ფორმატი დავაზიანე.
მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელმა დღემ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია — მათ შორის, პოზიტიური შეფასებებიც — მე კვლავ ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ კომისიის სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი“, – წერს ცქიტიშვილი.