CSF: ვანო ჩხიკვაძისთვის აეროპორტში ორგანიზებული ჯგუფის დახვედრა ხელისუფლების მიერ კოორდინირებულია

პუბლიკა

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძისთვის აეროპორტში სპეციალურად მობილიზებული ჯგუფის დახვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფონდის შეფასებით, ეს ინციდენტი იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და კოორდინირებული.

,,დღევანდელი ინციდენტი ერთ-ერთია “ქართული ოცნების“ მიერ მართულ იმ ათეულობით თავდასხმას შორის, რომელთაც ბოლო კვირების მანძილზე ვხედავთ” , – ნათქვამია განცხადებაში. 

,,ჩვენი კოლეგა ვანო ჩხიკვაძე პროფესიული საქმითა თუ პიროვნული ღირსებით გულშემატკივრობს იმას, რასაც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი და კონსტიტუცია ითვალისწინებს – ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი. ბუნებრივია, მის მიერ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისა თუ საზოგადოებრივი კეთილდღეობის ადვოკატირება მიუღებელია ხელისუფლებისთვის, რომელიც საქართველოს მომავალს რუსეთში ხედავს. ჩვენ არ გვიკვირს, რომ ვანო ჩხიკვაძის სულისკვეთება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებისა და ამ პროცესის თანმდევი სიკეთის შესახებ შეუთავსებელია ხელისუფლებასთან, რომელმაც მიიღო რუსული კანონი – ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლო.

„ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ ემეტება ის, რისთვისაც ვანო ჩხიკვაძე სხვა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქტივისტებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად იბრძვის – ეს არის ქვეყნის ევროპული მომავალი, ეკონომიკური თუ სოციალური კეთილდღეობა, მშვიდობა და უსაფრთხოება, თვითმყოფადობის დაცვა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა”, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

დღეს, ვანო ჩხიკვაძეს, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, აეროპორტში ორგანიზებული ჯგუფი და სამთავრობო მედიის წარმომადგენლები შეძახილებით დახვდნენ. მას სიტყვიერ შეურაცხყოფებს აყენებდნენ.

ფაქტის ამსახველი ვიდეო, რომელსაც ის მოქალაქე იღებდა, რომელიც ჩხიკვაძეს შეურაცხყოფას აყენებს „POSTV“-მ გამოაქვეყნა.

კადრებში ჩანს, რომ ადგილზე ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფებიც იყვნენ მისულები.

ვანო ჩხიკვაძე აშშ-ის კონგრესში, „ჰელსინკის კომისიის” ფარგლებში მომხსენებელი იყო, სადაც მან საქართველოს დემოკრატიის მიმდინარე გამოწვევების, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხისთვის დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.