ცუცქირიძე: გვიახლოვდება თარიღი, რომელიც ევროსაბჭომ საქართველოს დაუთქვა, მოვუწოდებთ „ოცნებას“, დაიწყოს პირობების შესრულება

პუბლიკა

პარტია „თავისუფლების მოედანი“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეასრულოს პირობები, რომლებიც ევროსაბჭომ საქართველოს დაუთქვა ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციით, რაც გულისხმობს ახალი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. განცხადება „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ გააკეთა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს პირობებს არ შეასრულებს, საქართველო, შესაძლოა, საერთოდ ამოვარდეს ევროპული სივრციდან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესია 7 აპრილს იხსნება.

„დღეს ჩვენ ვართ ისტორიული კატასტროფის წინაშე „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო იმიტომ, რომ გვიახლოვდება თარიღი, რომელიც ევროსაბჭომ საქართველოს დაუთქვა, რათა მას გადაედგა გადამწყვეტი ნაბიჯები დემოკრატიის აღსადგენად, ადამიანის უფლებების დასაცავად და იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელიც მან შექმნა ამ ქვეყანაში.

იცით, რომ საქართველოს დელეგაციას ევროსაბჭოში მთელი რიგი უფლებები შეზღუდული აქვს, ესენია: მნიშვნელოვან არჩევნებზე დაკვირვება, ასევე, ჩვენი დელეგაცია ვერ მუშაობს ადამიანის უფლებების კომიტეტში და მათ საქართველოს უთხრეს, რომ გაზაფხულის სესიის დაწყებამდე, რომელიც 7 აპრილს იწყება, გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორიცაა – პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ინკლუზიური დიალოგის დაწყება, ევროპული ინტეგრაციის აღდგენა, ევროსაბჭოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება, პოლიციის ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შეწყვეტა და გამოძიება.

ასამბლეის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ამ ვითარებაში, ჩვენ გვემუქრება საფრთხე, რომ არა თუ ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეწყდეს, არამედ საქართველო საერთოდ ამოვარდეს ევროპული სივრციდან.

საქართველოს, ჩვენი პოლიტიკური იდენტობა ასე იძერწებოდა და ასე იქმნებოდა, რომ საქართველო არის ევროპული სივრცის ნაწილი და დღეს, ჩვენ გვაქვს ის ვითარება, რომ შესაძლოა, საერთოდ ევროპული სივრცის და ევროპული მექანიზმების მიღმა დავრჩეთ, რომელიც ჩვენი განვითარებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ და მოვთხოვოთ „ქართულ ოცნებას“, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ პირობების შესრულება. ასევე, გვინდა საზოგადოებასაც შევახსენოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი გვიახლოვდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.


29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების” დელეგაციის შეზღუდულ უფლებამოსილებას 2025 წლის აპრილამდე. შეზღუდვები მოიხსნება ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში.

რეზოლუციაში საუბარია, რომ ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაცია უნდა აღიაროს, თუმცა პირობებით, რომ:

– მომდევნო თვეებში მოხდება ახალი, რეალურად დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებით; ამასთან, 2025 წლის აპრილამდე გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.

აპრილში, ანუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სესიაზე, PACE გადახედავს უფლებამოსილების საკითხს და რეზოლუციაში წარდგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს მისი ჩამორთმევის საკითხი.

რეზოლუციის მიღების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება PACE-ში მუშაობის შეწყვეტის შესახებ. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, უფლებამოსილების ცნობის მიუხედავად, დათქმები მათთვის იყო „უსამართლო და საფუძველს მოკლებული”, რის გამოც ასამბლეიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.