ჯანდაცვის სამინისტრომ ოპიოიდებით ჩანაცვლებით პროგრამებში ჩამანაცვლებელი პრეპარატის (მეტადონი, სუბოქსონი) გატანა უფრო შეზღუდა.
24 იანვრამდე არსებული რეგულირებით, ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მაქსიმუმ 2 დღის ოდენობის ჩანაცვლებითი პრეპარატის მიღება/გატანა შეეძლოთ. განხორციელებული ცვლილებით კი პაციენტისთვის მისაწოდებელი პროდუქტის ულუფა 1 დღის ოდენობამდე შემცირდა.
ცვლილება აგრეთვე შეეხო განსაკუთრებულ შემთხვევებში პაციენტის ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფის შესაძლებლობასაც. 24 იანვრამდე მოქმედი რედაქციით, პაციენტის ბინაზე ხანგრძლივად (2 თვეზე მეტი პერიოდი) მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო 5 დღის მარაგის გადაცემა, ხოლო მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ტუბერკულოზის ბაქტერიაგამომყოფი აქტიური ფორმით დაავადებულ პირებზე შესაძლებელი იყო ერთდროულად 7 დღის მარაგის ოდენობის პროდუქტის გადაცემა.
განხორციელებული ცვლილებებით კი აღნიშნული საგამონაკლისო რეგულირება საერთოდ გაუქმდა. აგრეთვე, მოქმედი ბრძანება აღარ ითვალისწინებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების მიზეზის დასაბუთების შემთხვევაში (ე.წ. მივლინების პრინციპი) პაციენტისთვის არა უმეტეს 4 დღის დოზის ხელზე გატანის შესაძლებლობას. ახალი ცვლილების შესაბამისად, ნებისმიერ საგამონაკლისო და ობიექტური საჭიროების პირობებშიც კი, (მათ შორის სამსახურეობრივი მივლინებისას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) პაციენტებისთვის მხოლოდ 1 დღის ულუფის მიწოდება არის შესაძლებელი.
ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, ჯანდაცვის ექსპერტები და საზოგადოებრივი გაერთიანებები უარყოფითად აფასებენ აღნიშნულ ცვლილებებს და მიაჩნიათ, რომ ცვლილებები არსებითად აუარესებს ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართულ პირთა უფლებრივ მდომარეობას. გთავაზობთ განცხადებას:
„აღნიშნული ცვლილება პირველ რიგში, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართულ სწორედ იმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს, ვისაც შესაძლოა, რომ ჯანდაცვის ადეკვატურ სერვისთან წვდომა ყველაზე მეტად ესაჭიროებოდეს – სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან შშმ პირები და სხვა, მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები.
მეორე მხრივ, ცვლილებებით უარესდება იმ პირთა უფლებრივი დაცვის სტანდარტები, რომლებიც დასაქმებულნი არიან და შესაძლოა, რომ მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ სამსახურებრივ მივლინებებს ჰქონდეს. კანონმდებლობის ამგვარი ცვლილება კიდევ უფრო ამცირებს პროგრამის პაციენტთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხარისხს და აუარესებს მათ კარიერულ თუ ფინანსურ მდგომარეობას. ამოქმედებული ცვლილებები, შესაძლოა, მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს ბენეფიციართა დასაქმებისთვის, ან უკვე დასაქმებულთა მიერ, სამუშაო ადგილის შენარჩუნებისთვის.
სამოქალაქო ორგანიზაციები და პროფესიული ჯგუფები წლებია ვითხოვთ, რომ ოპიოიდებით ჩანაცვლებით პროგრამაში უფრო ფართოდ დანერგილიყო პაციენტებისთვის რამდენიმე დღის სამყოფი მედიკამენტის ხელზე გატანების პრაქტიკა. ეს მოთხოვნა ეფუძნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2009 წელს შემუშავებული გზამკვლევის რეკომენდაციას. გზამკვლევის თანახმად, ჩანაცვლებითი თერაპიის პრეპარატის რამდენიმე დღის სამყოფი დოზის გამოწერა რეკომენდებულია, როდესაც სარგებელი, რომელსაც პაციენტი იღებს, გადაწონის პროგრამიდან ნივთიერების გადინების რისკს. აღნიშნული მიდგომა ავტომატურად მოიაზრებს პაციენტთა ინდივიდუალური შეფასების მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს რისკიც და ფარმაცევტული პროდუქტის გატანების საკითხიც ამ შეფასების საფუძველზე გადაწყდეს. ჯანმოს კიდევ ერთი გზამკვლევის თანახმად, მკურნალობისადმი დამყოლობის გასაზრდელად რეკომენდირებულია პაციენტის პიზიტიური ქცევის განმტკიცება, ჩამანაცვლებელი პრეპარატის ხელზე გაცემის გზით. ძალაში შესული ცვლილებები სრულად გამორიცხავს თერაპიაში ჩართული პაციენტებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას და მათი ქცევის თუ გამოჩენილი პასუხისმგებლობის გათვალისწინებას შეფასების პროცესში.
პრეპარატის სახლში გატანების საკითხზე, იდენტურ მიდგომას იზიარებს ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) პოლიტიკის დოკუმენტიც, რომლიც მიხედვითაც, ჩანაცვლებითი თერაპიის მედიკამენტის დანიშნვასა და მიწოდებაზე პასუხისმგებელმა ჯანდაცვის პროფესიონალმა, ინდივიდუალური მიდგომით უნდა განიხილოს მისი პაციენტისთვის დღიურ ულუფაზე მეტის გატანების საკითხი და ინდივიდუალურად განსაჯოს არსებული რისკები. სამწუხაროა, რომ მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგება ჯანდაცვის სპეციალისტის ამგვარ დისკრეციას სრულიად გამორიცხავს.
ამოქმედებული ცვილებებით, არათუ გაუმჯობესდა ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპიის განხორციელების პროცესში პაციენტთა უფლებების დაცვის სტანდარტი და ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისზე, არამედ, კიდევ უფრო გაუარესდა ისედაც ნაკლებ-პროგრესული მოდელი. აღნიშნული მეტად პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ოჩთ პროგრამების დაფარვის არეალი კვლავ ლიმიტირებულია და ქვეყანაში არის რეგიონები, სადაც ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპიის ცენტრები არ ოპერირებს.
EMCDDA-ს ტექნიკური ანგარიშის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც გეოგრაფიული მოცვა დაბალია, არსებობს საფრთხე, რომ არალეგალურ ბაზარზე უფრო მეტად გაიზარდოს მოთხოვნა ჩანაცვლებით თერაპიაში გამოყენებულ მედიკამენტზე ან სხვა სახის ოპიოიდებზე. შესაბამისად, პრეპარატის გაცემაზე ამოქმედებულმა დამატებითმა შეზღუდვებმა შესაძლოა წინასწარ გაუთვალისწინებელი, კონტრპროდუქტიული შედეგები გამოიღოს.
საგულისხმოა, რომ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს წინ არ უძღვოდა პროფესიულ ან სათემო ორგანიზაციებთან კონსულტაციები. ჯანდაცვის სამინისტროს არ წარმოუდგენია ცვლილებების დამასაბუთებელი არგუმენტები და არ მომხდარა ოპიოიდური აგონისტებით მკურნალობის მომსახურების მიმწოდებელი ჯანდაცვის სპეციალისტების წინასწარი ინფორმირება. აღნიშნული მით უფრო პრობლემურია იმ ფონზე, როცა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული გზამკვლევები რისკების შეფასებისა და მკურნალობის დაგეგმვის პროცესში სწორედ ჯანდაცვის პროფესიონალებს ანიჭებენ წამყვან როლს.
აქედან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელ რგოლებს, რომ გახსნან დისკუსია საკითხის გარშემო, სადაც, ინკლუზიურ გარემოში, სათემო და პროფესიულ ორგანიზაციებსა და ჯანდაცვის ექსპერტებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ სამუშაო ფორმატში განიხილონ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში არსებული გამოწვევები და ერთობლივად შემუშავდეს მოდელი, რომელიც დაეყრდნობა ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს, რელევანტურ საერთაშორისო სტანდარტებს და თანაბრად გაითვალისწინებს როგორც პროგრამაში ჩართული პაციენტების, მათი ოჯახების, ისე ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი კლინიკების ინტერესებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელმომწერები:
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
- დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი – ალტერნატივა ჯორჯია
- ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი – ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის (Genpud)
- სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორი”
- საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია
- საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“
- „ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი“
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- სათემო ალიანსი – მანდალა
- „ახალი გზა“
- „ფენიქსი 2009“
- ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი