ცვლილებები უფრაქციო დეპუტატებისთვის პარლამენტის რეგლამენტში | რას ითვალისწინებს პროექტი

პუბლიკა

უფრაქციო დეპუტატებისთვის პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებების პროექტს აინიცირებს. პროექტის მიხედვით, ვიცე-სპიკერის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო დეპუტატთა ჯგუფს.

ასევე, კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას, ან უფრაქციო დეპუტატთა არანაკლებ ოთხკაციან ჯგუფს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, რეგლამენტის ცვლილება მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტს შეეხება. 

„იყო იმის საშიშროება, რომ ამ რამდენიმე სუბიექტს, გაერთიანებული ფრაქციის ვერ შექმნის შემთხვევაში, მოკლებული ჰქონოდა იმ ინსტრუმენტებთან წვდომა, რასაც სრულყოფილი საპარლამენტო ცხოვრება მოითხოვს. ამიტომ, ეს ინიციატივა გამომდინარეობდა კონკრეტული მოცემულობიდან.

ახალი რეგულაცია, რომელიც რეგლამენტში შემოდის, დათქმისამებრ, მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტში იმუშავებს, ხოლო შემდეგი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული პარლამენტი გააგრძელებს ძველი რეგლამენტის რედაქციით მუშაობას”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე:

„რეგლამენტი პარლამენტში შესული 4 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის იცვლება. მათ უფლება ექნებათ, დაიკავონ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობა (აქამდე ეს მხოლოდ ფრაქციის წევრებს შეეძლოთ, ფრაქციის შექმნას კი 7 დეპუტატის სჭირდება).

უმრავლესობის არგუმენტი ასეთია: „ამით ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის საქმიანობაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.“ ეს მოგონილი არგუმენტია. მე-4 ვიცე-სპიკერსა და კომიტეტის მე-3 მოადგილეს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში არასდროს არავითარი განსაკუთრებული როლი არ ჰქონია და ამ თანამდებობების ერთადერთი მიზანი ყოველთვის იყო ოპოზიციის დაშოშმინება-დაკმაყოფილება.

თუ ოპოზიციის როლის რეალური გაზრდა სურს ხელისუფლებას, თუნდაც თეორიულად (იმიტომ,რომ ახლა ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ ჰყავს პარლამენტში), ამისთვის სხვა მექანიზმები არსებობს. ისინი ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული. მაგალითად პირველი ვიცე-სპიკერის ოპოზიციისთვის დარეზერვება, უმრაველესობასა და სხვა სუბიექტებს შორის კომიტეტის თამვჯდომარეების თანამდებობების იმ პროპორციით განაწილება რა პროპორციითაც ისინი პარლამენტში არიან წარმოდგენილი და სხვა”, – წერს ვახუშტი მენაბდე.

რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 25 იანვრის სხდომაზე წარედგინება.