ცვლილებების იმედი გაჩნდა და ხვალ ამას დავინახავთ - კორძაია სააკაშვილის სავარაუდო ჩამოსვლაზე

პუბლიკა

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსი დროსაც, ამ არჩევნების დროსაც ოპოზიცია იყო ერთიანი და შეთანხმებული, რომ მოვიდა ცვლილებების დრო და ცვლილებების განცდა გაჩნდა, გაძლიერდა დღეს და ბუნებრივია, ეს მოახდენს გავლენას. ცვლილებების იმედი გაჩნდა და ხვალ ამას დავინახავთ“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა შეკითხვის საპასუხოდ, შეცვლის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ქართულ პოლიტიკაში რამეს.

კორძაიას რწმენით, 2 ოქტომბრის არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს.

„ამ ერთი მიმართვით და ვიდეოთი სააკაშვილმა გააშიშვლა, რამდენად უუნაროა საქართველოს ხელისუფლება და მხოლოდ და მხოლოდ ის შეუძლია, რომ საკუთარ მოქალაქეებს უსმინოს ფარულად და მერე თქვას, რომ არაფერ შუაშია.

ჩვენ დღეს რეალურად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ ქვეყანას არ ჰყავს“, – განაცხადა კორძაიამ.


1 ოქტომბერს დილის 9 საათისთვის ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.

მან facebook-პოსტით ასევე მოუწოდა მოსახლეობას, 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, თავადაც შეუერთდება ერთ-ერთ კოლონას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და მისი ვიდეოც არაა საქართველოში ჩაწერილი. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის ვიდეო სპეციალური ტექნოლოგიითა გადაღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფება.