რუსეთის დუმამ საპრეზიდენტო ვადის განულებაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ცვლილებას ხმა მისცა დუმის 380-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 43 დეპუტატი.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ მზად არის, მხარი დაუჭიროს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც მას 2024 წელს მეხუთე ვადით პრეზიდენტობის უფლებას მისცემს.
წინადადება, რომელიც მოულოდნელად წამოაყენა რუსეთის დუმის ერთ-ერთმა კანონმდებელმა, ვალენტინა პერეშკოვამ, 67 წლის ვლადიმერ პუტინს, რომელიც პირველად პრეზიდენტად 2000 წელს აირჩიეს, შესაძლებლობას მისცემს, პრეზიდენტის თანამდებობა, მინიმუმ, 2036 წლამდე დაიკავოს.
მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა იდეას მხარდაჭერა გამოუცხადეს, პუტინი თავად ეწვია სახელმწიფო დუმას, რათა დასთანხმებოდა წამოყენებულ წინადადებას. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მას უნდა ჰქონდეს უფლება, ზედიზედ ორი ვადით არჩევის, ხოლო რიგით მეოთხე ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტად კენჭისყრის.
„პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტორია. ჩვენ უკვე საკმარისი რევოლუციები გადავიტანეთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
დღეის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია კრძალავს პრეზიდენტებისთვის ორი თანმიმდევრული საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს, 2000-2008 წლამდე პრეზიდენტის, 2008-2012 წლამდე პრემიერ-მინისტრის, ხოლო 2012 წლიდან 2024 წლამდე კვლავ პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ თავის საპრეზიდენტო კანდიდატად დაყენების კანონიერი უფლება აღარ ექნებოდა.
პუტინმა განაცხადა, რომ კანონმდებლობა, რომელიც მას 2024 წელს კვლავ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლებას მისცემს, ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს. მას არ დაუზუსტებია, გეგმავს თუ არა კვლავ საპრეზიდენტო კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობას.
გამოსვლის ბოლოს პუტინმა რუს ხალხს მიმართა:
„მე დარწმუნებული ვარ, როგორც მინიმუმ, 2024 წლამდე ჩვენ ერთად ბევრ რამეს გავაკეთებთ, ხოლო შემდგომ ვნახოთ, რა იქნება“.