„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
„ჩვენ ვაპირებთ არჩევნებზე გასვლას დამოუკიდებლად, აუცილებლად. თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, იქნება სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა დამოუკიდებლად ვაპირებთ [მონაწილეობას] და ზუსტად აქ იქნება ბევრი სიურპრიზი ბევრისთვის, ზოგისთვის აღარ იქნება სიურპრიზი.
ბევრს მიაჩნია, რომ თუ ორნი ერთად ვიქნებით, მეტი ხმა გვექნება – ასე არ არის. დრომ დაადასტურა, რომ ორი, სამი სუბიექტი გაერთიანებულა და პირიქით, ხმები დააკლდა, კი არ გაეზარდა. ამომრჩეველი არის სპეციფიკური, განსწავლული უკვე და სიყალბესაც ამჩნევს. რამდენიმე სუბიექტს პოლიტიკაც არასწორი აქვთ არჩეული, როდესაც 24 საათი საუბრობენ გაერთიანებაზე. ჩემზეც კი ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ ამ გაერთიანებაზე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ აქვთ და უბრალოდ ეშინიათ, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ”, – ამბობს ნიკა მელია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტია ოფიციალურად 8 დეკემბერს დატოვა და თქვა, რომ მიდის „წინ მომავლისკენ”.