NGO-ები და მედიაორგანიზაციები სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გააგრძელებენ

პუბლიკა

ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გააგრძელებენ ამის შესახებ მათ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორმა, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით შევა.

განცხადება:

„დღეს, 17 ოქტომბერს რუსულ კანონსა და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გავასაჩივრებთ.

რუსული კანონი არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისაგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება.

მომჩივანი ორგანიზაციები  ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორებიცაა, გარემოს დაცვა, შშმ  პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ასე შემდეგ.

მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე ვიდავებთ.

დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან რუსული მეთოდებით ბრძოლა არამხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ ასევე ძირს უთხრის ქართველი ხალხის ურყევ  არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

სამწუხაროა, რომ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც ყველა ამ ცივილიზაციური არჩევანის დაცვას სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, სწორედ სახელისუფლებო ორგანოები არღვევენ, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე  უარს ამბობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის მიუხედავად, ჩვენი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ გრძელდება და ის აუცილებლად დასრულდება წარმატებით. ეს კანონი აუცილებლად გაუქმდება. არა რუსულ კანონს, კი ევროკავშირს”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, ხოლო სარჩელი არსებითად განსახილველად ნაწილობრივ მიიღო.

არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელები 29-31 აგვისტოს განიხილა. სარჩელებით მოთხოვნილი იყო რუსული კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების გამოტანამდე კი მისი მოქმედების შეჩერება. რუსული კანონი პარლამენტმა 2-თვიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, მაინც მიიღო. ის ძალაში 4 ივნისიდან შევიდა.

2 აგვისტოდან ორგანიზაციები და მედიები, რომელთაც კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად მონიშნავს, ვალდებულები ხდებიან, დარეგისტრირდნენ ე.წ. რეესტრში. მათ საამისოდ ერთი თვე ჰქონდათ. დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში ჯარიმები 5 000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს.

პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ კი სპეციალურ ვებგვერდზე ფინანსური დეკლარაცია ატვირთოს.

დოკუმენტაციის შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს ერთი თვე აქვს, სწორედ ამ პროცესში ენიჭება მას უფლებამოსილება, გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. მათ შორისაა: ფიზიკური პირის რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება, სქესობრივი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი, აგრეთვე – ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები.

კანონში წერია, რომ ყველა პირი, ორგანო თუ ორგანიზაცია ვალდებულია, გასცეს ეს ინფორმაცია.