და რა?! ეს ნიშნავს, ახალციხის ორგანიზაცია ეფექტურად მუშაობს - კობახიძე „მთავარი არხის“ მოპოვებულ ჩანაწერებზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიამ მოიპოვა WhatsApp-ის ჩანაწერები, თუ როგორ ავალებდნენ ახალციხეში საჯარო მოხელეებს სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მასალაზე ერთგვაროვანი შეფასებების გაკეთებას. კობახიძემ გავრცელებული ინფორმაცია არ უარყო და თქვა, რომ „ეს ნიშნავს, ახალციხის ორგანიზაცია ეფექტურად მუშაობს“.

„და რა?! პარტიულ ორგანიზაციაში თუ ხდება მესიჯების ჩაშლა, ეს პრობლემაა? პირიქით, ეს ნიშნავს, რომ ახალციხის ორგანიზაცია ეფექტურად მუშაობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ახალციხის მერიის თანამშრომელი WhatsApp-ის ჩათში საჯარო მოხელეებს აწვდიან სოციალურ ქსელებში გაზიარებულ სხვადასხვა მასალას და აძლევენ მითითებებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ.