„დააბრუნეთ ბავშვები სკოლაში“ – მშობლებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

პუბლიკა

„მშობლები დისტანციური სწავლების წინააღმდეგ“, „დააბრუნეთ ბავშვები სკოლაში“, „მიეცით ბავშვებს სწავლის საშუალება“ – ამ მოწოდებებით პარლამენტის შენობასთან მშობლებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილე მშობლები ამბობენ, რომ ონლაინსწავლებას ბევრი სირთულე ახლავს და მნიშვნელოვანია, ბავშვები სკოლაში იღებდნენ განათლებას. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მრავალშვილიანი მშობლებისთვის განსაკუთრებით რთულია, მცირეწლოვან შვილებს დაეხმარონ ონლაინგაკვეთილების დროს.

აქციაზე, ასევე, იმყოფებოდნენ კერძო სკოლის მოსწავლეების მშობლები, რომელთა მოთხოვნაა, კერძო და მცირეკონტიგენტიან სკოლებს მიეცეთ მუშაობის საშუალება.

„ჩვენი მოთხოვნაა, გაიხსნას სკოლები, როგორც ეს სხვა სახელმწიფოებში ხდება. მე მყავს 3 შვილი და ძალიან გვიჭირს დისტანციურ სწავლებაში ჩართვა, რადგან არ მაქვს სამი სმარტფონი, სამი კომპიუტერი, ამდენივე ოთახი. ამიტომ ვითხოვთ სკოლების გახსნას. დისკრიმინაციაა იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც ვერ ერთვებიან დისტანციურ სწავლებაში“, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.