გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტები ეხმაურებიან რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას და აცხადებენ, რომ ეს კანონი გამორიცხავს ევროპულ მომავალს და ქვეყანას რუსეთთან აკავშირებს.
სტიპენდიანტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, უარი თქვას კანონის მიღებაზე.
„ჩვენ, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტები, ვეხმაურებით საქართველოში რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სახელით. მიგვაჩნია, რომ ეს კანონი გამორიცხავს საქართველოს ევროპულ მომავალს და რუსეთთან აკავშირებს ჩვენი ქვეყნის ბედს. როგორც ევროპული საგანმანათლებლო სივრცით მოსარგებლეები, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, დავგმოთ ამგვარი კანონის ხელახლა მიღების მცდელობა. რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს ქვეყანაში საერთაშორისო ფონდებს და დაფინანსებებს, საქართველოს დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია და საფრთხის ქვეშ აყენებს ისეთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორიცაა DAAD-ის სტიპენდია. განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ სწორედ საქართველოში ფუნქციონირებს DAAD-ის ერთადერთი რეგიონალური ოფისი სამხრეთ კავკასიაში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების” არაერთ მაღალჩინოსანს განათლება საზღვარგარეთ, გერმანიაში აქვს მიღებული, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი სწორედ DAAD-ის სტიპენდიანტია. შესაბამისად, მათი მხრიდან მომავალი თაობებისთვის ამ შესაძლებლობის წართმევა თუ გართულება შეუფერებელია. გთავაზობთ ამ ადამიანების სიას:
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 1998-2002 წლებში DAAD-ის სტიპენდიით სწავლობდა საარლენდის უნივერსიტეტში მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე;
ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. სწავლობდა სამაგისტრო პროგრამაზე იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორანტურა დაასრულა ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში (სტიპენდია მითითებული არაა);
ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სწავლობდა დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტში (სტიპენდია მითითებული არაა);
ნიკოლოზ სამხარაძე – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. სწავლობდა ევროპისმცოდნეობას ჰანოვერის უნივერსიტეტში კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიით;
Რატი ბრეგაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი. Სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიით.
მოვიხმობთ რა DAAD-ის სტიპენდიანტების გასული წლის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ”; ვითვალისწინებთ ქართული საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას რუსული კანონის მიმართ; ასევე, ვითვალისწინებთ ამ კანონის შეუთავსებლობას საქართველოს ინტერესებთან და კონსტიტუციასთან; გვსურს, დავგმოთ რუსული კანონის ხელახალი მიღების მცდელობა. ვეყრდნობით DAAD-ის სტიპენდიანტების ხსენებულ განცხადებას და კვლავ ვაფიქსირებთ, რომ ეს კანონი წარმოადგენს ანალოგიური, რუსული კანონის ასლს. მისი მიზანია, შეზღუდოს თავისუფალი მედიისა და პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. ამავდროულად, იგი მიმართულია საქართველოში რუსული სტილის ავტორიტარული სისტემის დაფუძნებისკენ. იგი ნათელს ხდის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის აწ უკვე 9 რეკომენდაციის შესრულების მიმართ გულგრილობას. ჩვენი მყარი პოზიციაა, რომ რუსული კანონის მაინიცირებელი და მხარდამჭერი ხელისუფლება ვერ ან არ უზრუნველყოფს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. საფრთხე ექმნება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს, რომლის გახსნასაც საქართველოსთვის წლის ბოლოს ველით.
რუსული კანონის ხელახლა ინიცირება უკვე დაგმო 12- მა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ. Მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ კანონის ხელახალი ინიცირება “ძირს უთხრის საქართველოს მიერ რთულად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს”. Საქართველოს ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არაკონსტიტუციური და მიუღებელია.
Ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს პარლამენტს და ყველა პირს, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე და აღასრულოს ქართველი ხალხის ნება პროდასავლური საგარეო კურსის გატარებისა და ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.