დააკავეს 2 პირი, რომლებიც პოლიციელის ავტომანქანას განზრახ შეეჯახნენ და მიიმალნენ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, შუამთის ქუჩაზე 1991 წელს დაბადებული გ.შ. და 1997 წელს დაბადებული ბ.შ. სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი 15 აპრილს თბილისის-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე განზრახ შეეჯახნენ პოლიციელის ავტომანქანას, რის შემდეგაც პოლიციელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მართვის უფლების არმქონე ბ.შ. მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან – გ.შ.-სთან და მ.ხ.-სთან ერთად მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა – დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბ.შ. შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში დააკავეს. მასთან ერთად, ასევე დაკავებულია გ.შ., რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ამავე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 5 მაისს მ.ხ., დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავა.“

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.