დააკავეს 5 პირი, რომლებმაც facebook-ანგარიშები გატეხეს და მოქალაქეებს სხვადასხვა ანგარიშზე თანხა ჩაარიცხინეს - შსს

პუბლიკა

პოლიციამ თბილისში, გორსა და წალენჯიხაში 5 პირი დააკავა. მათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა ედებათ ბრალად.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის ფეისბუქ-გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე 14 მეგობარს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხვინეს.

ბრალდებულები თაღლითური გზით საერთო ჯამში დაეუფლნენ 14 მოქალაქის კუთვნილ 10 500 ლარს. სხვა დაზარალებულებისა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.