დააკავეს დონბასში სეპარატისტების ლიდერი, იგორ სტრელკოვი

პუბლიკა

რუსეთში დონბასის ომში სეპარატისტების ლიდერი, იგორ სტრელკოვი (გირკინი) დააკავეს. სტრელკოვის ტელეგრამის არხზე სტრელკოვის ცოლი, მიროსლავა რეგინსკაია წერს, რომ მისი მეუღლე დაკავებულია ექსტრემიზმის ბრალდებით.

„დღეს, დაახლოებით დილის 11 საათსა და 30 წუთზე, ჩვენთან მოვიდნენ საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები. მე ამ დროს სახლში არ ვიყავი. კონსიერჟის თქმით, ჩემი მეუღლე წაიყვანეს უცნობი მიმართულებით. მეგობრებისგან გავიგე, რომ მას ბრალდება წაუყენეს სსკ-ის 282-ე მუხლით – ექსტრემიზმი. მის ადგილსამყოფელზე არაფერი ვიცი, კავშირზე არ გამოსულა“, – დაწერა სტრელკოვის მეუღლემ, მიროსლავა რეგინსკაიამ.

სტრელკოვის დაკავების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია  წყაროებზე და სტრელკოვის ადვოკატზე დაყრდნობით გამოცემა „ერ-ბე-კამ“ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა სტრელკოვის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. სტრელკოვი წინასწარი მონაცემებით, „ვაგნერის“ ყოფილი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე დააკავეს.

იგორ სტრელკოვი არის რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი წევრი. ის 2014 წელს დონბასის ომში სეპარატისტების ლიდერი იყო. ის სხვა ბრალდებულებთან ერთად 2022 წლის ნოემბერში, ჰააგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2014 წელს დონბასის საჰაერო სივრცეში Boeing MH17-ის ჩამოგდებაში და 298 ადამიანის მკვლელობაში.

ჰააგის გადაწყვეტილებით, სტრელკოვი პასუხისმგებელი იყო იარაღის მონტაჟისა და მიწოდებისთვის, როგორც სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თავდაცვის მინისტრი, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა მოსკოვში პასუხისმგებელ პირებთან.  სასამართლომ სტრელკოვს თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა

ცნობილია, რომ სტრელკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომის მომხრეა და ასევე, აკრიტიკებს  რუსეთის ხელისუფლებას გარკვეულ, ომთან დაკავშირებულ საკითხებზე.