პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც კახეთში სამი თანასოფლელი დაჭრა. დაკავებული 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევია.
გამოძიება მის წინააღმდეგ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა ბრალდებით მიმდინარეობს.
„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სამი თანასოფლელი: 1991 წელს დაბადებული გ.ჯ., 1975 წელს დაბადებული გ.თ. და 1993 წელს დაბადებული ქ.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.