სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 63 წლის კაცი დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებული დაზარალებული ქალი სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 1960 წელს დაბადებულ ბრალდებულთან, რომელიც მათ შორის არსებულ სქესობრივ კავშირს მობილური ტელეფონით იღებდა.
ამავე პერიოდში დაზარალებული ბრალდებულს თავისი ინტიმური შინაარსის ფოტოებსაც უგზავნიდა.
მას შემდეგ, რაც ქალმა კაცთან ურთიერთობის გაგრძელება აღარ მოინდომა, ამ უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 წლის თებერვლის თვეში, ქალის ინტიმური ფოტოები მისი ოჯახის წევრს გადაუგზავნა.
დაზარალებულის მომართვის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა გაჩხრიკა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, ასევე, ბრალდებული გაჩხრიკეს პირადად, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული.
კაცს ბრალი წარედგინა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.