დააკავეს პირი, რომელიც ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში იყო ჩართული - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რ.ვ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, მან უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ის შემცველი ნარკოტიკი, შემდგომი გასაღების მიზნით, ნაძალადევის რაიონში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა და მათი ადგილმდებარეობის ფოტოგადაღება განახორციელა.

სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, რ.ვ.-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული, „ალფა პვპ“-ს შემცველი ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს”, – წერს უწყება.