დააკავეს პირები, რომლებმაც ქალებს ინტიმური ფოტო/ვიდეო მასალები გაუვრცელეს - საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის აპრილი-მაისის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 7 პირი ამხილა. მათგან 5 პირი დაკავებულია, რომელთა შორის 1 ლიეტუვას მოქალაქეა, ხოლო 2 პირს ბრალი წარედგინა.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ, რა დროსაც მათი პირადი კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ. აღსანიშნავია, რომ ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში დაზარალებულები ზემო აღნიშნულ ინფორმაციას, მათ ნებაყოფლობით უგზავნიდნენ.

ურთიერთობის დასრულების შემდეგ, შურისძიების მოტივით და შანტაჟის მიზნით ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს დაზარალებულების მშობლებს, ახლო ნათესავებსა და ნაცნობებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებით დაირღვა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება”, – ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება ასევე მოიცავს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციის უკანონო გავრცელებას:

„ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული ზ.ც., 2014 წლიდან 2022 წლის ზაფხულამდე პერიოდში, დაზარალებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ასევე, დაზარალებულის ინფექციური დაავადების შესახებ ინფორმაციას ფლობდა. აღნიშნული კი პირადი ცხოვრების საიდუმლოს წარმოადგენდა. ზ.ც.-მ 2022 წლის ზაფხულში, დაზარალებულის საერთო ნაცნობთან და 2023 წლის მარტის თვეში, სოციალური ქსელის პირად გვერდზე, დაზარალებულისგან თანხმობის გარეშე, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია უკანონოდ გაავრცელა”, – ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 159 მუხლებით (პირადი მიმოწერის საიდუმლოს დარღვევა) გრძელდება.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.